პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად მოძრაობა გაბედეს აქტივისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციაც "დააბოქლომეს". აქციის მონაწილეებმა ბოქლომი ღობეზე ჩამოკიდეს.

რეზიდენციასთან აქტივისტებს პოლიცია დახვდათ. სამართალდამცავები მათ ეუბნებოდნენ, რომ ბოქლომის დაკიდების უფლებას ვერ მისცემდნენ, რადგან ათონელის რეზიდენცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ხოლო მისი იერსახის დამახინჯება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარით ჯარიმდება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები ადმინისტრაციულ შენობებს აბოქლომებ. ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კაცელარია და პროკურატურა.

"მაინც დაგაბოქლომებთ"

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.