მოძრაობა გაბედეს წევრებს პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკრის "დაბოქლომება" სურთ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. როგორც სამართალდამცავებმა აქტივისტებს განუმარტეს ათონელის რეზიდენცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ხოლო მისი იერსახის დამახინჯება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარით ჯარიმდება.

შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ რეზიდენციის დაბლოკვას არ აპირებენ და მხოლოდ სიმბოლურად სურთ ბოქლომის გაკეთება. შეკრებილი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ რეზიდენციას არ "დააბოქლომებენ".

მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები ადმინისტრაციულ შენობებს აბოქლომებ. 22 ნოემბერს ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს.

"მაინც დაგაბოქლომებთ"

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.