სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების ან სამხედრო ტექნიკის განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. დღეს, 23 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ სოფელ ძარაში მობილიზებულია რუსული სამხედრო ტექნიკა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით.

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უკანონოდ არის განლაგებული საოკუპაციო ძალები და სამხედრო ტექნიკა. ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ პერიოდულად ტარდება უკანონო სამხედრო წვრთნები", — აცხადებენ სუს-ში.

მათივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საოკუპაციო ხაზს გასწვრივ მიმდინარე ნებისმიერ უკანონო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და აქტიურად მოქმედებს ცხელი ხაზი.