ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ის, დიდი ალბათობით, მის გუნდში იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაშის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დეპუტატი ამბობს, რომ დღევანდელი პოლარიზებული გარემოს კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება, შესაძლოა, დადებითი ნაბიჯი იყოს.

"2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს. ერთი მიმართულება პოლიტიკური პაუზის აღება და საერთაშორისო ორგანიზაციაში დაბრუნებაა, თუმცა, პოლიტიკაში მოსვლას არც 2016 წელს ვგეგმავდი და ეს აუცილებელი გახადა გარკვეულმა გარემოებებმა. დაველოდები და თუ სიტუაცია პოლიტიკაში ჩემს დარჩენას მოითხოვს, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა, ეს ძალიან ადრეა", — აღნიშნა მან.

მარიამ ჯაში იმ 12 დეპუტატს შორის ერთ-ერთია, რომელმაც ქართული ოცნება, საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები მას შემდეგ დატოვა, რაც ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.