აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე, რომელიც მმართველი პარტიის დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ აირჩია, არხს კრიტიკულ ტონს უწუნებს. პირდაპირი და ირიბი მინიშნებებით კოხრეიძემ არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს ისაუბრა.

კოხრეიძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ კრიტიკული კითხვებით რესპონდენტები უარს ამბობენ აჭარის ტელევიზიაში სტუმრობაზე და წამყვანმა ყველაფერი უნდა ქნას, რომ მათ "აზრის გამოთქმის საშუალება არ წაართვან".

"შენ უქმნი ისეთ პირობას, რომ არ მოდის გადაცემაში, გიცხადებს ბოიკოტს... მისი ხმა იკარგება", — თქვა დირექტორმა.

მისი აზრით, ჟურნალისტებმა რესპონდენტებს ისე უნდა დასვან, როგორც "საკუთარ დას და ძმას".

"ის მაინც შენიანია, რა... ეს მიდგომა უნდა გქონდეს... შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ვისი ბრალია შენია თუ სხვისი", — თქვა რესპონდენტებზე საუბრისას არხის ახალმა დირექტორმა.

მალევე გადაცემაში სტუმრად მისულმა დირექტორმა თავად გადაწყვიტა წამყვანის რესპონდენტად ქცევა და კითხვების დასმა. მას შემდეგ კი, რაც წამყვანისგან პასუხი ვერ მიიღო, ხმის ტონსაც აუწია.

"გამეცი პასუხი", — უყვირა დირექტორმა წამყვანს.

ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში

ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე დირექტორად ის კანდიდატი აირჩია, რომლის დანიშვნაშიც ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძე აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობას დირექტორის არჩევის სამი უშედეგო მცდელობა ჰქონდა. საბჭო, რომელმაც ახალი დირექტორი აირჩია რამდენიმე კვირის წინ დაკომპლექტდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეოთხე კონკურსის მეორე მცდელობაა. პირველი სწორედ კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე შეჩერდა. ის ამტკიცებდა, რომ მესამე კონკურსის გამარჯვებული იყო და მეოთხე მცდელობა ტელევიზიას აღარ უნდა ჰქონოდა. ეს სარჩელი კოხრეიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა. ახალი ბორდის არჩევის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ამავე თემაზე: რა ხდება აჭარის ტელევიზიაში — მოკლედ