ქართული ოცნების ორი ლიდერი გია ვოლსკი და მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს "მეორად კმარელებს" უწოდებენ. ეს სიტყვები პირველად გია ვოლსკიმ გააჟღერა სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე, სადაც ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა. მოგვიანებით კი მდინარაძემაც გაიმეორა.

"რა უნდა ვუპასუხო გაცვეთილი და მეორადი კმარელების პერფორმანსებს, რომელიც წარუმატებლად მთავრდება. ჩვენ გვიწევს ისინი დავიცვათ საზოგადოებისგან. დღეს ესეთი შედეგი იყო, მივიდნენ და გამოაგდეს და კიდევ კარგი იქ იყო პოლიცია" — განაცხადა მდინარაძემ.

ვოლსკიმ კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრობა "ვეტერანი და მეორადი კმარელების გაკვეთილების საფუძვლებით" მოქმედებს, როცა პარლამენტის პიკეტირებას და დესტრუქციას ცდილობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს სამთავრობო გუნდი ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებს. ეს ინფორმაცია აქტივისტებმა არაერთხელ უარყვეს.