ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისთვის "გასაკვირია აჟიოტაჟი" იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "ნახევარი დღე არ იყო თავის ოთახში". მისი თქმით, "ნახევარი დღით ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ პირად საქმეზე გასვლა" პრობლემა არ ჰგონია.

"გუშინ დილით არჩილ თალაკვაძე იყო თავის სამუშაო ოთახში, დღეს დილითაც არჩილ თალაკვაძე იყოს თავის სამუშაო ოთახში. ნახევარი დღის განმავლობაში, თუნდაც პირად საქმეზე, სად წავა, ეს მედიის სასიუჟეტო განსჯის საგანი არ უნდა იყოს... მას არ უარყვია კონკრეტული დეტალები... მგონი, არ ეკრძალება თუნდაც თანამდებობის პირს ნახევარი დღით პირად საქმეზე გასვლა", — განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა.

"ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს.

"რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე.

გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა თვითმფრინავში გადაღებული ფოტომასალა, სადაც არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და ჩანს. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა.

On.ge-მ სცადა ინფორმაციის დასადასტურებლად ან უარსაყოფად თალაკვაძისგან პასპორტის ასლის მიღება, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს.