პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, აკაკი ზოიძე ითხოვს, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება პლებისციტით გადაწყდეს. როგორც ზოიძე ამბობს, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართავს.

"მოვისმინე უმრავლესობის ლიდერის მორიგი ხისტი განცხადება, ვხედავ რა დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებებს. იმავდროულად მესმის ვხედავ, ვგრძნობ, მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმ იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, გააღრმავებს პოლიტიკურ სპექტრში არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას", — განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, პლებისციტის ჩატარება პრევენციული იქნება საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის გაღრმავების თავის ასაცილებლად.

მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.