21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში კარდიოლოგიური მიმართულებით ყველა კლინიკაში საერთო სატარიფო სისტემა ამოქმედდა. სამომავლოდ კი ჯანდაცვის სისტემა სრულად უნივერსალურ სატარიფო სისტემაზე გადავა.

კლინიკების წარმომადგენელთა მხრიდან, რეფორმის გადავადების მოთხოვნის მიუხედავად, ცვლილება ძალაში შევიდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, გულის არტერიების ანგიოგრაფიის ძველი ტარიფი 737,5 ლარი იყო, რომელიც ცვლილების შედეგად 550 ლარამდე შემცირდა, განახლებული ტარიფიკაცია კიდევ 20 სახის კარდიოლოგიურ მომსახურეობას ეხება.

საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი და ბიზნესომბუდსმენი ესწრებოდნენ. კომიტეტის ხელმძღვანელმა, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომავლის ნებისმიერ ნაბიჯს, ექსპერტებთან და ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილავს, თუმცა დაწესებული ტარიფების გადახედვა არ მოხდება და მსჯელობა მხოლოდ ახალ ტარიფებს შეეხება.

კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ალადაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მომსახურება ძვირადღირებულია. მისი განმარტებით, დაბალი ფასის პირობებში მაღალი ხარისხის მასალას ვერ გამოიყენებენ.