ქუჩის მხატვარი გაგოშა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ახალი სტენსილით ეხმაურება. ნახატი ეხება სამოქალაქო პროტესტს. სტენსილზე გამოსახულია გოგო, რომელიც დასარბევად გამიზნული წყლის ჭავლით იღებს ცივ შხაპს, რაც "გამოფხიზლების ნიშანია":

"სახელმწიფოს მიერ დარბევის, დაშინებისა და ძალადობის მიუხედავად, აქციის მონაწილეები აგრძელებენ მშვიდობიან ბრძოლას იმ პოლიტიკური დაპირებისთვის, რომელიც მათ მიიღეს".

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

18 ნოემბერს აქციის დაშლისას 37 აქტივისტი დააკავეს. ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.