თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ჟურნალისტის კითხვაზე, ორგანიზებულობის შემთხვევაშიც კი, როგორ შეძლებდნენ 4 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან გამკლავებას, განაცხადა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს "სუფთა ხელებით" განაგრძოს ბრძოლა:

"ჩვენ დავუპირისპირდით იმ ფულს, ადმინისტრაციულ სახელმწიფოებრივ რესურსს, თუმცა ვფიქრობდით, რომ უნდა გვეკეთებინა წესიერად პოლიტიკა. ჩემს პარტიას არ უნდოდა პოლიტიკაში გავრცელებული ილეთების შემოტანა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ წესიერად, ლეგალური ფულით ვაკეთოთ პოლიტიკა".

ალასანიას თქმით, თავისუფალ დემოკრატებს ამ ეტაპზე არ გაუმართლათ, თუმცა დარწმუნებულია, რომ შემდეგ არჩევნებზე განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს:

"ჩვენ ამას ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ სუფთა ხელებითაც შეიძლება პოლიტიკაში საქმის კეთება. ნიცშეს აქვს ნათქვამი, რომ ურჩხულებთან ბრძოლაში თავადაც არ უნდა დავემსგავსოთ ურჩხულებს. ჩვენც ეს პრინციპი გვქონდა. პოლიტიკის ბევრი წარმომადგენელი თუ პარტიები ბინძური ხელებით აკეთებს ამ საქმეს, ჩვენ კი ჩვენს პრინციპს ვუერთგულეთ".

ალასანიას თქმით, თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ცხოვრება უნდა გააგრძელოს. "რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს" - განაცხადა მან არჩევნების შედეგებზე კომენტირებისას.

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში პოლიტიკიდან დროებით წასვლის შემდეგ პირველად აძლევს ინტერვიუს.