ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში "ძალიან ბუნებრივი პროცესია მიმდინარეობს" და აცხადებს, რომ ამაში ამერიკელებიც დაარწმუნა.

"გუშინ გულწრფელად ავუხსენი [ამერიკელებს] ეს ვითარება, ხანდახან პროცესები არ ჩანს და არ აღიქმება სწორად, მათ შორის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების მხრიდან, მე მათ სრული ინფორმაცია გადავეცი. აბსოლუტურად გასაგებია. პრობლემები ყველგან არის. იდეალური სისტემა არცერთ ქვეყანაში არ არსებობს", — ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელი ექსპერტების მხრიდან კრიტიკაზე დასმულ კითხვაზე.

გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკვე იყოს ნატო წევრი, თუმცა გენერლის თქმითვე, ბოლო პერიოდში მთავრობის მხრიდან ენთუზიაზმის კლება იგრძნობა.

"საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. მაგრამ სექტემბერში თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, განვიცდი იმას, რომ მთავრობისგან იგივე ენთუზიაზმი ვერ ვიგრძენი, როგორც მანამდე ვგრძნობდი. ჯარი ისეთივე პროფესიონალური და როგორც ყოველთვის, მაგრამ მართალი გითხრათ, მთავრობის წარმომადგენლებისგან დასავლური ინტეგრაციის მიმართ ენთუზიაზმი განელებულია", — თქვა ჰოჯესმა.

თბილისში მიმდინარე მოვლენები ამერიკის ხმასთან შეაფასა ამერიკელმა მკვლევარმა ლუის ნავარომაც. მისი თქმით, 18 ნოემბრის აქციის დაშლა აჩვენებს, რომ სახეზეა ქართული ოცნების პოლიტიკური კრიზისი:

"გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ უკვე მესამედ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო საპროტესტო აქციის ძალით დაშლა. პირველი თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია იყო, შემდეგ ივნისის მოვლენები, ახლა კი ეს. ეს არის მთლიანად ქართული ოცნების მთავრობის კრიზისი და აჩენს შეკითხვას იმაზე, თუ რა მოხდება 2020 წელს".

თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის ხმასთან ისაუბრა საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა. მისი თქმით, ხალხს აქვს გამოხატვის უფლება და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება მშვიდობიანი მეთოდებით გააპროტესტონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები:

"მთლიანად ვემხრობი [ამერიკის] საელჩოს განცხადებას დემონსტრანტებთან დაკავშირებით. ხალხს აქვს უფლება მშვიდობიანად მიმართოს საკუთარ ხელისუფლებას და გამოხატოს საკუთარი პროტესტი. ყველამ ვიცით რატომ აკეთებენ ამას. მიზეზი პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა პარლამენტში. კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად მართებული, ლეგალური და სწორია, რომ ხალხი ამას მშვიდობიანად აპროტესტებს. არასწორი კი ისაა, რომ ძალადობრივად დაარბიო ისინი, თანაც უმიზეზოდ. ეს უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს. ისედაც შეშფოთებული ვიყავი საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის მოვლენებით, ეს კი კიდევ უფრო მაშფოთებს. ამერიკაში, საქართველოს მეგობრები შეშფოთებული არიან ბოლოდროინდელი ტრენდებით. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე დასრულდება და ხალხს ექნება საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი ძალადობრივი კონფრონტაციის გარეშე".

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.