საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტოფ კასტანერი აცხადებს, რომ თავშესაფრის ქართველი მაძიებლების მიმართ საფრანგეთი ძალიან მკაცრი იქნება. ამის შესახებ მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს", — ამბობს საფრანგეთის შს მინისტრი.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს თავშესაფრის ქართველი მაძიებლების ბევრი განცხადება დაფიქსირდა, მათგან 97%-ზე კი თანხმობა არ გაიცა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2017 წლის 28 მარტიდან მიიღო, რომლის თანახმადაც ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრს, მათ შორის საფრანგეთსაც.