ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის სამაჟორიტარო ოლქის "დაბოქლომებისას" ადგილზე კაცი მივიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე იყო დაბარებული და შენობაში ვერ შედიოდა.

მან აქციის მონაწილეები და კერძოდ, ევროპული საქართველო გააკრიტიკა.

"მიხეილ ყაველაშვილთან ვიყავი შეხვედრაზე მისასვლელი. მე ვარ საქართველოს მომავლის მხარდამჭერი... [სერგო] რატიანების და მსგავსი ადამიანების გასარჩევი რომ იქნება ეს ამბავი, ვინაა მტყუანი და მართალი, მაშინ ვართ ცუდ დღეში", — თქვა მან.

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპული საქართველოს წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ოლქს ბოქლომი დაადეს.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი "აბოქლომებენ" მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.