ოზურგეთში პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "დაბოქლომება" გაგრძელდება და ყველა მაჟორიტარამდე მივლენ.

"ჩვენი მოთხოვნაა, მომავალი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის დაპირება", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი "აბოქლომებენ" მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.