ხუთშაბათს, კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდა. წარმომადგენელთა პალატის წინაშე, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი წარსდგა. რუსეთის საფრთხეზე საუბრისას, ჰილმა 2008 წელი და რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა.

"2008 წელს რუსეთი ასევე თავს დაესხა საქართველოს. მე მაშინ ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ვიყავი, და ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტით მთავრობის მაღალ წრეებს ვაფრთხილებდით, რომ გვჯეროდა: არსებობდა რეალური კონფლიქტის რისკი რუსეთსა და საქართველს შორის და უფრო მეტიც, ჩვენ ასევე გვჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას დასხმოდა თავს.

ეს 2008 წელს მოხდა, როცა ორივეს, საქართველოს და უკრაინას სურდა ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება და რუსეთი მათ ღიად ემუქრებოდა, რომ თუ გააგრძელებდნენ ნატოში წევრობის მოთხოვნას, ეს უშედეგოდ არ ჩაივლიდა", — თქვა მან.

ფიონა ჰილმა 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტსა და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის საუბარი გაიხსენა.

"საქართველოზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ნათლად უთხრა და ეს მე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მითხრეს, რომ პუტინმა სააკაშვილს პირდაპირ უთხრა: "შენი დასავლელი მოკავშირეები, შენი დასავლელი პარტნიორები ბევრს გპირდებიან და არ ასრულებენ, მე გემუქრები და მე ვასრულებ", — თქვა მან კონგრესში გამართულ მოსმენაზე.

ჰილმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს დასავლეთის გამოცდას. "ჩვენ საქართველოს და უკრაინას ამ პერიოდში ბევრ რამეს დავპირდით, და არ შევასრულეთ. პუტინი ყოველთვის ეძებს რაიმე ნიშანს იმისას, რომ ჩვენ არ შევასრულებთ დაპირებებს, რომელიც გავეცით, რადგან ის ყოველთვის შეასრულებს მუქარას და ის ასეც მოიქცა. ის 2008 წელს უკრაინას დაემუქრა, და 2014 წელს, როცა უკრაინა შეეცადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასრულებას, ის მათ [უკრაინელებს] თავს დაესხა. თუმცა მთელი ეს პერიოდი ემუქრებოდა", — თქვა მან.

ფიონა ჰილის ჩვენება მხოლოდ ერთი ნაწილია წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე გახმაურებული საიმპიჩმენტო გამოძიების. ის სწავლობს, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და შეუჩერა თუ არა უკრაინას დახმარება მანამ, სანამ ეს უკანასკნელი დათანხმდებოდა მისი პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას.