ეუთოში აშშ-ს მისია ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ მისიის ხელმძღვანელმა, ჰარი კამიანმა ეუთოს მუდმივ საბჭოში განაცხადა.

გარდა ამისა, ჰარი კამიანმა აღნიშნა, რომ აშშ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მოუწოდებს რუსეთს ჯარების გაყვანისკენ და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ. ასევე, აშშ მოითხოვს, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარება უკან წაიღოს.

9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღირა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გაფრინდაშვილის საკითხი საოკუპაციო რეჟიმთან განიხილეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმაც. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთა ქართული პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა.