იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ წინადადება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული იდეა იყო და არა დაპირება. ამის შესახებ მან დღეს, 21 ნოემბერს გადაცემა დღის ქრონიკის ეთერში თქვა. წულუკიანი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ იდეას თავად მხარს არ დაუჭერდა:

"ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან და მე მიკვირს ადამიანების, რომლებიც ივანიშვილზე არიან ნაწყენი, რომ ეს იდეა ვერ გავიდა იმიტომ, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ხმა არ მისცა და მიდის სპეკულაციები იმაზე, რომ ამის უკან ალბათ ბიძინა ივანიშვილი დგას, თორემ ამას ოქრიაშვილი როგორ გაბედავდა. მე ვარ მომსწრე, როდესაც ბატონმა ბიძინამ ეს იდეა თათბირზე გააჟღერა, დეპუტატები, რომლებმაც ხმა არ მისცეს, იგივე ხუნდაძე, ოქრიაშვილი ღიად დაუპირისპირდნენ და თქვეს, რომ ეს ჩვენ არ მოგვწონს. იქ იყო ცხარე კამათი. ასე რომ, ვისზე არიან განაწყენებულები არ მესმის. ეს იყო ბატონი ბიძინას მიერ შეთავაზებული იდეა და არა დაპირება".

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.