თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის დასაწყისში საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე ისაუბრა. მან საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხზე პრინციპული პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდა:

"9 ნოემბერს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ქართველი ფიზიკოსი და საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, უკანონოდ დააკავეს მაშინ, როდესაც გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტთან ჰქონდა ვიზიტი. ის დააკავეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ცხინვალის რეჟიმის ორგანოებმა და მის მიმართ აღძრულია საქმე "ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“. ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის, ექიმ გაფრინდაშვილის დროული, უსაფრთხო და მშვიდობიანი დაბრუნება. გუშინვე გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი. პლენარულ სესიაზე ღია დისკუსიის დროს ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს", — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღირა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გაფრინდაშვილის საკითხი საოკუპაციო რეჟიმთან განიხილეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმაც. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბიბილოვმა განაცხადა, რომ გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთა ქართული პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა.