საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც კონსერვატორებთან ერთად ახალ ფრაქციაში გაერთიანდებიან, გეი ქორწინებასა და მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს არ უნდა უჭერდნენ.

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, უმრავლესობიდან 12 დეპუტატი წამოვიდა, მათ შორის კონსერვატიული ფრაქციის სამი დეპუტატი. ფრაქციის შესაქმნელად კონსერვატორებს დამატებით სამი ადამიანი სჭირდება, თუმცა ძიძიგური განმარტავს, რომ გადამწყვეტი ღირებულებითი თანხვედრა იქნება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომელთან ერთადაც შევქმნით ფრაქციას, იყვნენ ჩვენივე პოზიციის მქონეები. მაგალითად, მხარს არ უჭერდნენ ერთნაირსქესიათა ქორწინებას, არ იყვნენ მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეები. იყვნენ ოჯახის, ჯარის, იმ ღირებულებების დამნახავები, როგორც ეს ჩვენი კონსერვატიული პარტიის ღირებულებებში აისახება. ეს არის ჩვენთვის ფილტრი", — აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდიდან წამოსულ სხვა დეპუტატებს, ზვიად ძიძიგური ამბობს:

"თამარ ჩუგოშვილმაც განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ, რომ ფრაქცია შექმნან. მე ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. მაგრამ ვამბობ, რომ თუ შეიქმნება ფრაქცია, პირობითად ვამბობ, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიფიქრეთ იმაზე, რომ კონსერვატიული პარტია ჩამოყალიბდეს".