პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სამოქალაქო სექტორის მხრიდან პოლიტიკური სუბიექტების მისამართით გაკეთებულ მოწოდებას ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული "ენმ-ს იაფფასიანი კამპანიაა, რომელიც რუსთავი 2-ის მიერ ხორციელდება":

"ამაში ჩართეს ნაციონალურ მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. რეალურად, ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს.

პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერ მინისტრის კომპეტენციები 2013 წელს, გახსოვთ თქვენ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, მასზე იყო მორგებული მთლიანად კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწა არის ჩვენი ამოცანა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა".

სამოქალაქო საზოგადოება 8 პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირონ, რადგან ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საფრთხეს შეიცავს. მიმართვის ხელმომწერთა შორის არიან: ნინია კაკაბაძე, თამარ გურჩიანი, ლაშა ბუღაძე, გიორგი მშვენიერაძე, ნატა ფერაძე და სხვები.