პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებს მთავრობის კანცელარიის პიკეტირების უფლებას არ მისცემენ. მისი თქმით, კანცელარიასთან შეკრებილებს შეუძლიათ "ბოქლომი დაადონ შენობის გვერდზე, ფორმალურად, სადაც კარები არ არის".

"დანარჩენი კარების ჩაკეტვა შეუძლებელია, არ ჩაიკეტება", — განაცხადა სირაძემ მთვარ არხთან საუბრისას. მისივე თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ პირობას არ თანხმდებიან და "პროვოკაციაზე" არიან.

მთვრობის სხდომის პარალელურად კანცელარიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის პოლიტიკოსები, მხარდამჭერებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად არიან შეკრებილი და კანცელარიაზე ბოქლომის დადებას აპირებენ, რაშიც პოლიცია უშლის ხელს.

პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირების დაშლის შემდეგ სიმბოლურად დაადეს ბოქლომი პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.