18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 25 პირის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ისევ გადადო. საქმეების განხილვა დილის 11 საათზე უნდა დაწყებულიყო. როდისთვის გადაიდო საქმეების განხილვა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, ნონა ქურდოვანიძემ On.ge-ს უთხრა, პროცესი წინა დღეს ჩაინიშნა და ზოგიერთ ამის შესახებ ღამის საათებში შეატყობინეს. მისივე თქმით, დილით შეატყობინეს, რომ სხდომა ვერ ჩატარდებოდა, რადგან მოსამართლე სხვა საქმეებს განიხილავდა.

"ეს არის ძალიან ცინიკური დამოკიდებულება, როდესაც მოსამართლემ გადადო სხდომები გუშინ, უკვე დღეს, ღამის სამ და ოთხ საათზე, უწყებები ჩაგვაბარა და გვითხრა, რომ დღეს იქნებოდა სხდომა, მას უნდა სცოდნოდა, რომ მას სხვა საქმეებიც ჰქონდა ჩანიშნული. ადამიანებს აწვალებენ. დღეს სასამართლოში რამდენიმე უკვე იყო მისული და ელოდებოდა, რომ მათი სხდომა დაიწყებოდა. ეს დამოკიდებულება, რომელსაც სასამართლო იჩენს არის ძალიან ცინიკური და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სასამართლომ მიიღო არის დაუსაბუთებელი და უკანონო", — განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

18 ივნისის აქციაზე დაკავებული 37-ვე პირის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს. 20 პირის საქმეს მოსამართლე სამ ჯგუფად განიხილავს, ხოლო 17 პირისას — ინდივიდუალურად. დაკავებულებიდან ნაწილს ხულიგნობას ედავებიან, ნაწილს კი სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

პროცესები 19 ნოემბერს დაიწყო და გვიან ღამემდე გრძელდებოდა ისე, რომ საქმეების განხილვა ვერ ესწრებოდა. მან სხდომა 20 ნოემბრისთვის გადადო, რომელიც ასევე გვიან ღამემდე გაგრძელდა.

10 პირს, მათ შორის გიგა მაქარაშვილს, ზუკა ბერძენიშვილსა და ბექა ბასილაიას მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა, ერთ შენიშვნა დაეკისრა, ხოლო კიდევ ერთს 1 000-ლარიანი ჯარიმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ნადირაძეს 13 დღე, გიგა მაქარაშვილს 12 დღე, დიმიტრი ბიძინაშვილს 3 დღე, ირაკლი კაჭარავას 4 დღე, დავით მჟავანაძეს 4 დღე პაატა სოსანაშვილს სიტყვიერი შენიშვნა, ბექა ბასიალაიას 13 დღე, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღე, გიორგი ბუნტურს 5 დღე, ლუკა ჭიჭინაძეს 5 დღე, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღე, გურამ მჭედლიშვილს 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.