საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მან განაცხადა, რომ "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები" და ქუჩაში გადასული პროტესტი პირდაპირ გავლენას ახდენს ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

"ყველაფერი ის, თუ რა ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან ჩვენს განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება.

ამიტომ, უპასუხისმგებლო არინ პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას დღეის მდგომარეობით", — განაცხადა გახარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ როგორც "პასუხისმგებლიანმა ძალამ" საქართველოს მთვრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მსგავს გამოწვევებს შესაბამისი პასუხი გასცეს. ამისთვის კი ფინანსთა მინისტრს დაავალა, მთავრობის მომდევნო სხდომამდე გაანალიზოს რისკები და შეიმუშავოს გეგმა იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 000 ლარიდან 100 000 ლარამდე ჩამოვიდეს.

აქამდე სამთავრობო გუნდი სამოქალაქო პროტესტს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენაში მაშინ დებდა ბრალს, როცა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების გამო პუტინმა საქართველოს ტურისტული ემბარგო დაადო.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.