თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულ კიდევ 5 პირს, მათ შორის გიგა მაქარაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ნადირაძეს 13 დღე, გიგა მაქარაშვილს 12 დღე, დიმიტრი ბიძინაშვილს 3 დღე, ირაკლი კაჭარავას 4 დღე, დავით მჟავანაძეს 4 დღე და პაატა სოსანაშვილს სიტყვიერი შენიშვნა დაეკისრა.

მანამდე მოსამართლემ 5 პირს პატიმრობა, ერთს კი ჯარიმა დააკისრა. დანარჩენი 25 პირის საქმე კი გადადო. დაკავებულებიდან ნაწილს ხულიგნობას ედავებიან, ნაწილს კი სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.