ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ჯობდა, მოსახლეობისთვის 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება არ მიეცათ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"20-21 ივნისის მოვლენების შემდგომ განვითარებული პროტესტის ფონზე თუკი ჩვენ შევძელით, რომ გიორგი გახარია გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, ზუსტად ანალოგიურად შესაძლებელი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნასთან მიმართებაში უარყოფითი პოზიციის დაყენება უმრავლესობის მხრიდან", — ამბობს ჯაში.

დეპუტატი არ ეთანხმება ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებას, რომ მათ ეს პირობა არ გაუციათ. მისივე თქმით, პირიქით, ეს პირობა წყალგამყოფიც კი იყო. ჯაში აღნიშნავს, რომ ამ პირობის არშესრულებამ უხერხულობა გამოიწვია არამხოლოდ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებში, არამედ გუნდშიც.

მარიამ ჯაში იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.