"გადაიტანეთ აქცენტი იმ დაზარალებულ ახალგაზრდებზე" — ამ მიზეზით მმართველი პარტიის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი მედიებს 20 ივნისის აქციის გაშუქების აქცენტებს უწუნებს. TV პირველის ეთერში საუბრისას მან პრეტენზიები კონკრეტულ წამყვანებს, დიანა ტრაპაიძეს, ინგა გრიგოლიას და ნინო ჟიჟილაშვილს წამოუყენა.

"20 ივნისს და 21 ივნისს რას გეუბნებოდით? რომ მივლიდით გვერდს, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა და შეფასება არ გააკეთეთ. თქვენ, მედიამ არ გააკეთეთ შეფასება, რომ ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტზე.

არ გააკეთე, პირდაპირ გეუბნები შენ, დიანა ტრაპაიძეს, რომ არ გააკეთე შეფასება. ვერ ამოგათქმევინეთ ვერც თქვენ, ვერც ინგა გრიგოლიას და ვერც ნინო ჟიჟილაშვილს, რომ ეს ძალადობრივი აქტი იყო" — განაცხადა მან.

20 ივნისის აქცია

20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს პარლამენტთან და სასტუმროსთან, სადაც ასამბლეის წევრები გადაიყვანეს. დღის ბოლოს ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყო On.ge-ს სამი თანამშრომელი. 20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს