უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია კანონიერად სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს.

2017 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მიხეილ სააკაშვილს ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსგან, ნახევარი მილიონი დოლარის მიღებას ედავებოდნენ. გამოძიებას მიაჩნდა, რომ ეს თანხა სააკაშვილმა საპროტესტო აქციების დასაგეგმად გამოიყენა.

2018 წლის 12 თებერვალს სააკაშვილი უკრაინაში, რესტორანში დააკავეს. უკრაინის საზღვრის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას რეადმისიის პრინციპით დააბრუნებდნენ პოლონეთში, იმ ქვეყანაში, რომლიდანაც შევიდა უკრაინაში. მოგვიანებით სააკაშვილი პოლონეთიდან ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მოქალაქეობა და ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის უფლება მიიღო. უკრაინაში შესვლა სააკაშვილს 2021 წლის 13 თებერვლამდე ჰქონდა აკრძალული.

2019 წელს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა დაუბრუნა. სააკაშვილი კიევში 29 მაისს ჩაფრინდა. მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ბარიერი ვერ გადალახა.