ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერზე შეთანხმებია და არც არაფერზე მიუცია პირობა. მისივე თქმით, გუნდმა დაპირება გასცა ხალხის მიმართ და ხალხი თვითონ გადაწყვეტს უნდა შესრულებულიყო თუ არა ეს დაპირება.

"შესაბამისი განაჩენი, ასე ვთქვათ, საარჩევნო განაჩენს ვგულისხმობ, შედეგობრივი, დადგება მაშინ, როცა იქნება არჩევნები", — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი აცხადებს, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს შეგნებულად არ დაუჭირეს მხარი. მისი თქმით, თავად პარტიული ველიც აბსოლუტურად არ არის მზად დღეს პროპორციული სისტემისთვის.

"თქვენ ხედავთ, რომ დღეს აბსოლუტურად არათავსებადი იდეოლოგიის მქონე პარტიები არიან ერთად, რომლებიც უბრალოდ ვერ შეთანხმდნენ ერთ განცხადებაზე, ერთ ქმედებაზე. მათი მხარდაჭერაც საზოგადოებაში, ხედავთ რა იყო. რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს, მაგრამ ეს ხომ ფაქტია, დაახლოებით 30-ზე მეტმა პარტიამ 5 ათას ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა".

14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა დატოვა 10-ზე მეტმა დეპუტატმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმაც. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში. ამ დროიდან თბილისში აქციები იმართება.