ქართული ოცნებიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ახლა უკვე შეუძლია პარტიის ინტერესების გარეშე მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მაქვს ახლა უკვე განსხვავებული შესაძლებლობა და მდგომარეობა და როდესაც შემიძლია არ მივაქციო ყურადღება პარტიულ ხაზს, არცერთ პარტიულ ხაზს და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩემი პირადი აზრიდან გამომდინარე საზოგადოებას ვუთხრა, რასაც ვფიქრობ და გავაკეთო ის, რაც საჭირო მგონია", — თქვა დეპუტატმა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, უწევდა თუ არა მას ყველაფრის "გაპრავება", დეპუტატი ასე პასუხობს:

"ასე პრიმიტიულად ნუ შეხედავთ, ყველა დღე, რაც მე მიმუშავია პარლამენტში, იყო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ, როცა ხარ პოლიტიკურ პარტიაში, ეს გარდაუვალია, რომ იმ პარტიის ინტერესებს ანგარიში არ გაუწიო.

14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში. ამ დროიდან თბილისში აქციები იმართება.