ქართული ოცნებიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სხვა თანამოაზრეებთან ერთად ფრაქციის შექმნას გეგმავს. მან TV პირველის ეთერში კონკრეტული გვარები არ დაასახელა, რადგან თქვა, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოლაპარაკების პროცესი.

ჩუგოშვილის თქმით, არ გეგმავენ პარტიის შექმნას, რასაც დიდი რესურსი სჭირდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, სად წარმოუდგენიათ თავი, ოპოზიციაში თუ ჯერ არ აქვთ პოზიცია ჩამოყალიბებული, დეპუტატი ასე პასუხობს:

"ჩვენი გულწრფელი პოზიცია რაც იქნება, ვიტყვით იმას. ვფიქრობ მთავრობისა და ბიუჯეტის დამტკიცება არის უმრავლესობის ექსკლუზიური საკითხი. მე აღარ ვარ უმრავლესობის წევრი. ამ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს, რომ იმ პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი ხარ.

14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა დატოვა 10-ზე მეტმა დეპუტატმა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმაც. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში. ამ დროიდან თბილისში აქციები იმართება.