"კაცი და ქალი მხოლოდ მეგობრობას ვერ შეძლებენ, რადგან ამას სექსის სურვილი შეუშლის ხელს", — ამ სიტყვებს ჰარი ბერნსი ფილმში როცა ჰარი შეხვდა სალის მას შემდეგ ამბობს, რაც მას სალი გამოუცხადებს, რომ მეგობრობის მეტს ვერაფერს შესთავაზებს. სალის იმ კაცების სიაც კი აქვს, რომელთა მიმართ მხოლოდ პლატონური ინტერესი ამოძრავებს. მისთვის აშკარაა, რომ მეგობრობა ქალს და კაცს შორის სექსუალური მიზიდულობის გარეშეც შეიძლება დაიბადოს, თუმცა ჰარი, როგორც აღვნიშნეთ, ამ აზრს არ ეთანხმება.

ჰარი უფრო მართალია თუ სალი?

მხოლოდ მეგობრად დარჩენის ფენომენი — ეგრეთ წოდებული friend-zone — და ის, თუ რატომ უყურებენ ამ საკითხს სხვადასხვაგვარად სალი და ჰარი, დაგვეხმარება მივხვდეთ, როგორ აფასებენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაჩენილ სექსუალურ ინტერესს და რის საფუძველზე წყვეტენ ვინმესთან დამეგობრებას.

რისკი და ჯილდო

მეგობრის მიმართ სექსუალური ინტერესის გამოვლენა რისკის და ჯილდოს ბალანსირებისას ჩნდება. ამასთან, პლატონური ურთიერთობისას კაცებს უფრო ხშირად უვითარდებათ ქალი მეგობრებისადმი სექსუალური გრძნობები, ვიდრე — პირიქით.

ერთ-ერთი კვლევისას ქალები და კაცები ჯერ ერთმანეთს გაესაუბრნენ, მერე კი თითოეულს სთხოვეს, შეეფასებინათ, რამდენად მიმზიდველად ჩათვალეს თანამოსაუბრე და თავად თანამოსაუბრემ რამდენად მიმზიდველად მიიჩნია ის. აღმოჩნდა, რომ კაცებს საკუთარ სექსუალურობაზე გადამეტებული წარმოდგენა ჰქონდათ, ხოლო ქალებს — პირიქით, რეალურზე მოკრძალებული.

ზოგადად, თავდაჯერებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ფიზიკურ მონაცემებზე დიდი წარმოდგენა აქვთ, მათ მიმართ გამოვლენილ სექსუალურ ინტერესს გადაჭარბებულად აფასებენ. შესაძლოა, ზედმეტი თავდაჯერებულობა მათ სიმამაცის საბაბს აძლევთ და რისკიან ნაბიჯებსაც არ ერიდებიან... მაგრამ საპასუხოდ ხშირად უარსაც იღებენ.

"როცა ჩვენ იმის მოლოდინი გვაქვს, რომ სხვებში ინტერესს აღვძრავთ, ამ ინტერესის შემჩნევასაც ვიწყებთ", — ამბობს ანტონია ები, სოციოლოგი და ფიზიოლოგი, რომელიც ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ ურთიერთობებს სწავლობს, — "თუ ადამიანს ჰგონია, რომ მის მიმართ ვინმეს სექსუალური ინტერესი აქვს, ამის დამადასტურებელ ქცევებს გაზვიადებულად აღიქვამს. მაგალითად, როცა ვინმე მისკენ იხრება ან მის ხუმრობებზე იცინის, ამას ფლირტად მიიჩნევს. მაგრამ ის კი შეიძლება ვერ შეამჩნიოს, რომ როცა თავად გადაიხარა თანამოსაუბრისკენ, მან უკან დაიხია".

თავდაჯერებული ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ფიზიკურ მონაცემებზე დიდი წარმოდგენა აქვთ, მათ მიმართ გამოვლენილ სექსუალურ ინტერესს გადაჭარბებულად აფასებენ.

ფოტო: Getty

ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე მკვლევრებმა ახალ მონაწილეებს სთხოვეს, წინა მონაწილეებს შორის გაბმული დიალოგისთვის ეყურებინათ და მერე შეეფასებინათ, მოუსაბრეებმა ერთმანეთი რამდენად მიმზიდველად ჩათვალეს. კაცმა მონაწილეებმა კაცი მოსაუბრის პოზიცია გაიზიარეს; მათ ჩათვალეს, რომ ქალი მოსაუბრე იმაზე მეტად მოიხიბლა კაცით, ვიდრე ქალმა თავად აღიარა. ქალმა მონაწილეებმა კი ქალის პოზიცია გაიზიარეს; მათ ჩათვალეს, რომ ქალი და კაცი ერთმანეთის მიმართ ინტერესს ნაკლებად გამოხატავდნენ. ასე რომ, ამ კვლევის მიხედვით, ორივე - ჰარიც და სალიც - მართლები არიან.

მსგავსი შედეგი, შესაძლოა, გენდერული სტერეოტიპების ბრალი იყოს. ების მსგავსად, სხვა მკვლევრებიც სწავლობენ იმ ქცევებს, რომლებიც რომანტიკული ინტერესის გამოვლენის მოსურნე ადამიანებს ახასიათებთ. ამ ტიპის ქცევათა ნაკრებს საურთიერთობო სცენარებს უწოდებენ და მათში მოვლენათა ის თანმიმდევრობებია გაწერილი, რომლებსაც წარმატებულ ან წარუმატებელ რომანტიკულ ურთიერთობებამდე მივყავართ. როგორც ჩანს, ამ სცენარებში ჩვენი როლები წინასწარაა განსაზღვრული.

"ამ ტიპის ურთიერთობებში კონტექსტი ბევრ რამეს განსაზღვრავს. კაცები უფრო მეტად ეძებენ ქალების ქცევაში რომანტიკული ინტერესის დამადასტურებელ ნიშნებს, რადგან ტრადიციული გენდერული როლები მათგან ინიციატივის აღებას მოითხოვს", — ამბობს ები, — "2019 წელს ბევრმა ეს ტენდენცია, შეიძლება, ძველმოდურად ჩათვალოს. თუმცა, კვლევების თანახმად, ადამიანები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ ტრადიციულ როლებს, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, ვინ გადაიხადოს ვახშმის საფასური და ასე შემდეგ. ქალები ხშირად გრძნობების ღიად გამოხატვისგან თავს იკავებენ, კაცები კი ინიციატივის გამოვლენის ვალდებულებას გრძნობენ".

თუ ინიციატორი უფრო ხშირად ჰეტეროსექსუალი კაცია ხოლმე, მაშინ ჩნდება კითხვა: რა ხდება ლესბოსელი წყვილების შემთხვევაში? კაც ჰომოსექსუალ წყვილებთან შედარებით, ქალთა სცენარები ინტიმურობაზე უფრო კონცენტრირდება, ვიდრე — სექსზე. ბისექსუალები კი სექსუალური ლტოვის გამოხატვისას ტრადიციულობით გამოირჩევიან. ბისექსუალი ქალი პაემანზე ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც ჰეტეროსექსუალი — ის ინიციატივის გამოვლენას მოერიდება.

გამოკითხვებით ისიც დადგინდა, რომ ქალები უფრო ხშირად იღებენ მფარველობას საპირისპირო სქესის მეგობრებისგან, ვიდრე — კაცები. ქალები ასეთ დახმარებას დიდად სარგებლიანად მიიჩნევენ. ამასთან, ორივე, კაცებიცა და ქალებიც ამბობენ, რომ საპირისპირო სქესის მეგობრისგან ხშირად იღებენ რჩევებს იმაზე, თუ როგორ მიიზიდონ პოტენციური მეწყვილეები. ასე რომ, ეს ორივე მიმართულებით მუშაობს: საპირისპირო სქესის მეგობრის ყოლა სარგებლის მომტანია.

ადამიანები უფრო მეტად რომანტიკული შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას ნანობენ, ვიდრე იმ შემთხვევებს, როცა ფლირტის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

ფოტო: Getty

მფარველობის მიღება, შესაძლოა, დრომოჭმულ სარგებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის ქცევას ფესვები ჩვენს წარსულში აქვს გადგმული. ჩვენი წინაპრები, როგორც ჩანს, მონოგამურ ურთიერთობებს კი ქმნიდნენ, მაგრამ მეწყვილესთან მთელ ცხოვრებას იშვიათად თუ ატარებდნენ. ქალს შეეძლო, რამდენიმე შვილი ჰყოლოდა სხვადასხვა კაცისგან. ბავშვის გაზრდის პერიოდში მამა თავს ვალდებულად გრძნობდა, დედა-შვილი მფარველობითა და რესურსებით უზრუნველეყო. სხვადასხვა კაცისგან შვილების გაჩენით და დამატებით სხვა კაცების დამეგობრებით ქალი თავის მცველთა რაოდენობას ზრდიდა. ქალისთვის საპირისპირო სქესის მეგობრების გასაჩენად, შესაძლოა, ყველაზე მარტივი გზა მიზიდულობის გამომხატველი ქვეცნობიერი სიგნალების გაგზავნა იყოს.

"დასავლური ნორმაა, რომ შენ ერთ ადამიანზე ქორწინდები და მასთან დარჩენილი ცხოვრების გატარებას გეგმავ", — ამბობს ეიპრილ ბლესკ-რეჩეკი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან, — "მაგრამ ჩვენ ამაზე რთულად ვართ მოწყობილები. საქმე ისაა, რომ ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობების იდეა კი მოგვწონს, მაგრამ, ამასთან, როცა ეს სარგებლის მომტანია, კაციც და ქალიც მზადაა, მოკლევადიანი სექსუალური ურთიერთობები გააბას".

აღსანიშნავია, რომ შესამჩნევი განსხვავებაა სექსუალურ და რომანტიკულ ინტერესებს შორის. ერთმა კვლევამ დაადასტურა ის ზოგადი წესი, რომ კაცები ქალების მხრიდან სექსუალურ ინტერესს გაზვიადებულად გრძნობენ, ქალები კი კაცებისგან ასეთ ინტერესს ნაკლებად ამჩნევენ. მაგრამ იმავე კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ეს წესი რომანტიკულ გრძნობებთან არ მუშაობს. ამ მიგნებამ შეიძლება გაამყაროს ის იდეა, რომ ურთიერთობისას მცდარი წარმოდგენა მაშინ იქმნება, როდესაც სერიოზულს კი არა, მოკლევადიან კავშირს ვეძებთ. თუმცა ამის მეორენაირი ახსნა ისაა, რომ რომანტიკული მინიშნებები ნაკლებად სუბიექტურია ან მათი შემჩნევა მხოლოდ მას მერეა მარტივი, როცა დარწმუნდები, რომ ადამიანი შენ მიმართ სექსუალურ ინტერესს იჩენს.

ჩვენ ქვეცნობიერად მიმზიდველ მეგობრებს ვეძებთ. ასეთ დროს რომანტიკული გრძნობების განვითარების ალბათობა მაღალია, რადგან ახალ მეგობარში უკვე ვხედავთ რაღაცას, რასაც მნიშვნელოვნად ვთვლით და რაც გვიზიდავს. ჰეტეროსექსუალი კაცები ქალების დამეგობრებისას იმის მსგავსი პრინციპებით ხელმძღვანელობენ, როგორითაც — მეწყვილის შერჩევისას. ისინი მათკენ მიილტვიან, ვის მიმართაც ფიზიკურ და ემოციურ სიახლოვეს გრძნობენ. ეს მაშინაც ხდება, როცა კაცი ამ გრძნობებზე აყოლას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას სულაც არ აპირებს.

ჩვენ ქვეცნობიერად მიმზიდველ მეგობრებს ვეძებთ, რაც რომანტიკული გრძნობების გაღვივების შანსებს ზრდის.

ფოტო: Getty

"საწინააღმდეგო სქესის მეგობრები ჩვენს რომანტიკულ ცხოვრებას ართულებენ", — ამბობს ბლესკ-რეჩეკი, — "დიდი ხნის წინ ღამით სიზმარმა გამაღვიძა: ჩემი ქმარი სკოლასთან სხვა ბავშვის დედას ესაუბრებოდა. ეს დედა, რომელიც მიმზიდველი, მაღალი და გამხდარია, ჩვენი მეგობარია. ის დაბალ კაცზეა დაქორწინებული, ჩემი ქმარი კი მაღალია, რაც ბუნებრივია, რომ ქვეცნობიერად მაწუხებს. სიზმარში ქალი ჩემი ქმრის მონაყოლზე იცინოდა. ის ყველა იმ თვისებას ფლობს, რაც მეტოქე ქალებში მაღიზიანებს. გაღვიძებულმა, ჩემს ქმარს ხელი ვკარი, რომ ისიც გამოფხიზლებულიყო და სიზმარი მომეყოლა. რომ მომისმინა, მკითხა: 'გინდა, რომ ნაკლებად მომხიბვლელი მეგობრები გვყავდეს?' ამან დამაფიქრა. ჩვენ ხომ ისეთი ადამიანები გვინდა მეგობრებად, რომლებიც ჩვენ გვგვანან, მოტივაციას გვაძლევენ და ჩვენთვის მიმზიდველებიც არიან, რადგან ბევრი სარგებელი მოაქვთ. მაგრამ ამას თავისი საფასური აქვს. თუ გააზრებული გაქვს, რა ტიპის მოტივაციები ამოძრავებს საპირისპირო სქესს, მარტივად ხედავ, რამდენად რთულ სიტუაციაში გაყენებს მეგობრობა".

ადამიანის სახეობა რისკიანი რომანტიკოსია

ინიციატივას თუ საკუთარ თავზე არ ვიღებთ, ეს უარის შიშით არ ხდება. ადამიანები უფრო მეტად რომანტიკული შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას ნანობენ, ვიდრე იმ შემთხვევებს, როცა ფლირტის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მაშინაც კი, როდესაც წარმატების შანსი ძალიან დაბალია, ბევრი მაინც ცდილობს მიზნის მიღწევას. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები რისკიანი რომანტიკოსები ვართ.

ქალი ახლო მეგობრები ერთმანეთის მიმზიდველობას იმაზე გადამეტებულად აღიქვამენ, ვიდრე - უცხო ადამიანებისას.

ფოტო: Getty

"უარის მიღება მტკივნეულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები შანსის გამოყენებას მაინც ცდილობენ", — ამბობს სამანტა ჯოელი, ასისტენტ-პროფესორი ონტარიოს უნივერსიტეტიდან, — "როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს უარი, ურთიერთობით მიღებული სიამოვნება ამად ღირს".

ეს ეფექტი შეიმჩნევა ასევე ნაკლებად თავდაჯერებულ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებშიც. "ეს მოულოდნელი აღმოჩენაა, რადგან, წესით, ნაკლებად თავდაჯერებულ პირებს უარის სხვებზე მეტად ეშინიათ და ელიან კიდეც მას, რაც ხშირად არ მართლდება", — ამბობს ჯოელი, — "მაგრამ, ამასთან, ასეთ ხალხს უფრო მეტად სურს, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდეთ და რისკზე წასვლასაც ამიტომ ბედავენ".

ები თვლის, რომ მეგობრებისადმი ადამიანების განწყობა ადვილად შეიძლება შეიცვალოს. "რომანტიკულ ურთიერთობათა უმრავლესობა დროთა განმავლობაში ყალიბდება", — ამბობს ის, — "შეიძლება, გეგონოს, რომ პლატონური ურთიერთობა გაქვს, მაგრამ მერე განწყობა უცებ შეგეცვალოს. როდესაც შეცვლილ გრძნობაზე შესაბამისად რეაგირებ, ზოგჯერ ამართლებს კიდეც — როგორც ეს ფილმში, როცა ჰარი შეხვდა სალის, ხდება; მაგრამ ზოგჯერ — ნაკლებად".

ამ ქცევების ახსნა ევოლუციური თეორიითაც შეიძლება. მაგრამ, ების მტკიცებით, თუ გვინდა, რომ ტრადიციულ გენდერულ როლებს დავუპირისპირდეთ, ჩვენივე ქმედებებს უნდა დავაკვირდეთ და სჯობს, წარსული უკან მოვიტოვოთ. "კი, შეგვიძლია, რომ ევოლუციის თეორია დავიხმაროთ, მაგრამ მგონია, სოციალურ სცენარებსა და გენდერულ როლებზე კონცენტრირება უკეთესი იდეაა, რადგან ამ უკანასკნელთა შეცვლის უნარი გვაქვს", — ამბობს ის, — "ტექნოლოგია რამდენად მოახდენს ჩვენს გენებზე ზეგავლენას, ჯერ კიდევ საკითხავია. აი, ჩვენს ქცევას კი ის ნამდვილად უცვლის სახეს".