საოკუპაციო რეჟიმი მათ მიერ დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს იმ ინფორმაციის გავრცელებით, რომ აგვისტოს ომისას სამხედრო ექიმი იყო. დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ის, როგორც "სამხედრო-სამედიცინო დანაყოფის კაპიტანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში".

მათი მტკიცებით, გახშირდა საქართველოს მხრიდან ე.წ. საზღვრის კვეთა, რასაც ისინი წნელისში ქართული საგუშაგოს გახსნას უკავშირებენ, გაფრინდაშვილს კი ამ "პროვოკაციების" ნაწილად მიიჩნევენ. საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ გაფრინდაშვილის "პროვოკაციულ ქმედებებზე" პასუხი იქნება კანონიერი და მიმართული იმისკენ, რომ დაიცვან სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და აღარ დაუშვან სიტუაციის ესკალაცია.

"ეს არის ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტები, რომლის მიზანიცაა გაანადგუროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის [ოკუპირებული სამაჩაბლო] სახელმწიფო საზღვრის გაგება", — აცხადებს საოკუპაციო რეჟიმი.

9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღირა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე: