ახალი მემარჯვენეების ლიდერი, მამუკა კაციტაძე სამოქალაქო სექტორის იმ მიმართვას პასუხობს, რომლის თანახმადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირონ:

"მოწოდება არის, რომ კონცენტრაცია მოხდეს ყოფილი ხელისუფლების გარშემო, რაც ახალი მემარჯვენეებისთვის იყო, არის და დარჩება მიუღებელ მოწოდებად. საკონსტიტუციო უმრავლესობები ახსოვს ქართულ პოლიტიკურ ისტორიას, მაგრამ არ ახსოვს ასეთი მოწოდებები ასეთი საფრთხის შექმნის დროს. ესე დამაფიქრებელია, ყველაფერთან ერთად. ამიტომ ახალი მემარჯვენეები არ და ვერ გავიზიარებთ ამ მოწოდების შინაარსს და ერთ მშვენიერ დღეს ვერ ვიქცევით ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერებად".

რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, თამარ კეკენაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური სუბიექტი ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის საშუალებას უტოვებს:

"რაც შეეხება მხარდაჭერის მოწოდებას, ამას ვაკეთებთ მხოლოდ ჭიათურის შემთხვევაში, რადგან ჩვენი საკუთარი კანდიდატი გვყავს იქ, თემურ გაფრინდაშვილი".

სამოქალაქო საზოგადოება 8 პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირონ, რადგან ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საფრთხეს შეიცავს. მიმართვის ხელმომწერთა შორის არიან: ნინია კაკაბაძე, თამარ გურჩიანი, ლაშა ბუღაძე, გიორგი მშვენიერაძე, ნატა ფერაძე და სხვები.