"მოსამართლე დაარტყამს ჩაქუჩს და მოგვისჯის იმას, რაც უკვე გადაწყვეტილია გუშინ", — ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, მტკიცებულებების წარდგენას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.

"პოლიციელები მოყვებიან ზღაპრებს, რომ ზურა ჯაფარიძემ და ზუკა ბერძენიშვილმა როგორ დაიმხეს თავზე და მიუხედავად იმისა, რას მოვუყვებით, მოსამართლე დაარტყამს ჩაქუჩს და მოგვისჯის იმას, რაც უკვე გადაწყვეტილია გუშინ", — თქვა მან.

ჯაფარიძესთან ერთად გუშინდელ აქციაზე კიდევ 17 პირი დააკავეს. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის ხელწერილით გამოუშვეს, რადგან ცნობადი სახეა, თუმცა სხვები — არა.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 18 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.