სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი აქციის დაშლიდან მეორე დღეს ოპოზიციის ნაწილს ტერორიზმში ადანაშაულებს. 18 ნოემბერს, პარლამენტთან აქციის დაშლის გოგაშვილმა პარალელურად ფეისბუქზე დაპოსტა, რომ "ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს".

გოგაშვილმა აქციის დაშლიდან მეორე დღეს გადაწყვიტა, ტერორიზმის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება განემარტა. მისივე თქმით, ოპოზიციას ლეგიტიმური უფლება აქვს მთავრობას კანონიერი მეთოდებით ებრძოლოს.

"მაგრამ როდესაც საკითხი ეხება TERRORISM-ს, ეს არის წითელი ხაზი", — წერს გოგაშვილი.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ დღევანდელ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ტერორიზმს მკაცრად ემიჯნებიან, მაგრამ "ხანდახან მიზნის მისაღწევად ზოგიერთს თვალები ებინდება, ისე უნდათ მთავრობაში მოსვლა და ისე ეზიზღებათ ოცნება, რომ ამ ხაზს აბიჯებენ".

"მე პირადად და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემნაირად ფიქრობს, არ დავუშვებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს იმას, რომ ტერორმა იზეიმოს საქართველოში. შვილებსა და მომავალ თაობებს უნდა დავუტოვოთ სრულფასოვანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. რაც ტერორთან თანამშრომლობით წარმოუდგენელია", — წერს სოსო გოგაშვილი.

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის დაშლამდე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყვეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ შენობაში არც ერთ დეპუტატს არ შეუშვებდნენ.

18 ნოემბერს სპეცნაზმმა აქციის დაშლა და კარვების აყრა დაიწყო. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

დაშლისას 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე. ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებს, ხოლო ბერძენიშვილისა და მაქარაშვილის სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება. კარვების აყრის მიუხედავად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია და გამოსვლები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.