თბილისის საქალაქო სასამართლოში დენი არ არის. ახლა 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს დაკავებულების საქმის განხილვა უნდა დაწყებულიყო.

სასამართლო საქმის განსახილველად აუცილებელია სხდომათა დარბაზის ელ-ენერგიით უზრუნველყოფა, რადგან სხდომების აუდიო და ვიდეო ჩაწერა მოხდეს.

პროცესის დაწყებას 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულების ათობით ახლობელი და ნათესავი უკვე 2 საათია დერეფანში ელოდება. მათ შორის არიან რესპუბლიკელები, მოძრაობა სირცხვილია, მოძრაობა "შეცვალე".

სხდომა 11:30-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე [11:50] უცნობია საქმის განხილვა ინდივიდუალური იქნება თუ ჯგუფური, რადგან, ჯამში, 37 პირის საქმეა ჩანიშნული.

გუშინ, 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს ჯამში 37 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს წვრილმან ხულიგნობას ან სამართალდამცავის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 37 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.