საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 53 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 18 ნოემბერს გაასაჯაროა.

კითხვაზე, სმენიათ თუ არა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, მოსახლების უმრავლესობა, 68 პროცენტი დადებით პასუხს სცემს. მათგან 78 პროცენტი კი აღნიშნავს, რომ ამ სისტემის მომხრეა.

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. კვლევის ჩატარების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშილის დაპირება არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონი ჩააგდო. ამ დროიდან თბილისში აქციები იმართება.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 18 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.