გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსთაველზე შეკრებილ ადამისნების გულწრფელი პროტესტის განცდა აქვთ და აქციის დაშლა პოლიტიკური ტერორია. ამის შესახებ გათავისუფლების შემდეგ აქციაზე მისულმა ჯაფარიძემ On.ge-სთან საუბრისას თქვა.

მისი თქმით, ის დააკავეს პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ჯაფარიძე დაკავების დეტალებს ასე იხსენებს:

"მე დამაკავეს ჩიტაძეზე [პარლამენტის გვერდით ქუჩა], სადაც ვახდენდით პიკეტირებას. დავსხედით ქვაფენილზე და ვიფიქრეთ, სპეცრაზმი გადავლას მოერიდება, ისინიც ხო ადამიანები არიან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ — არა და დაიწყეს ადამიანებზე გადავლა. ერთადერთი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, ერთმანეთს ვაყენებდით. მერე სპეცრაზმელს ვაკავებდი, რომ უკან ხალხი არ გადაეჯეგა. რაღაც მომენტში, ფარი გავწიე, ჯავშანჟილეტში წავავლე ხელი და ისე ვაკავებდი. რაღაც მომენტში ვიღაცამ დაიძახა, შეაგდეთ შიგნითო, და შემათრიეს. მედავებიან ტრადიციულად ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას".

ჯაფარიძესთან ერთად დღევანდელ აქციაზე დაკავებულია კიდევ 17 პირი. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის ხელწერილით გამოუშვეს, რადგან ცნობადი სახეა, თუმცა სხვები — არა.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 18 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.