ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად ფრესკო ერთი დღე მუშაობას წყვეტს. ამ შინაარსის განცხადება სუპერმარკეტის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

კომპანიას მიაჩნია, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება — აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. ამ მიზეზით კომპანია მუშაობას აჩერებს 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე და კეტავს ყველა ფილიალს. თუმცა ყველა თანამშრომელს გადაუხდის ხელფასს.

"რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც ფრესკოა მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში", — აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია განმარტავს, რომ ეს არ არის მოწოდებითი განცხადება:

"ჩვენ ამ ფორმით ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე".

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 18 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.