ქართული ოცნების გენერალურ მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ესაა მისი პირველი კომენტარი, რომელიც პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ მედიას მისცა.

"დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს", — თქვა კალაძემ.

მისი თქმით, პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა.

ბოლო დღეების მოვლენები მოკლედ

ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არ შეუშვებდნენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს. აქციის დაშლისას მინიმუმ 18 ადამიანი დააკავეს. ამ ოპერაციის შემდეგ დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.