შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავეს. ისინი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

უწყების ცნობით, "საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია პარლამენტის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებლად შეუძლია განაგრძოს საქმიანობა".

"პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები", — ნათქვამია განცხადებაში.

რობოკოპებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.