სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, სოსო გოგაშვილი თბილისში აქციების ძალადობრივად დაშლაზე სპეცრაზმს აქებს. ის ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ქალაქის ტერორისტებისგან დასუფთავება მიმდინარეობს:

"ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს პროფესიონალურად, მსოფლიო დონის სტანდარტით: სამ ნაწილად გაყოფილი სპეცრაზმი ასუფთავებს პარლამენტის შენობას სამი მხრიდან, (9 აპრილი, ზუბალაშვილები, ჭიჭინაძე) ხოლო ბოლოს მოხდება მთავარი პროსპექტის გასუფთავება, ბიჭებო ბრავო", — წერს გოგაშვილი.

სპეცრაზმმა პარლამენტის წინ ტერიტორია გაათავისუფლა და სამანქანო მოძრაობა უკვე აღდგენილია. ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ძალადობრივი გზით, მიწოლით გაათავისუფლეს გზა. აქციის დაშლისას მინიმუმ 10 ადამიანი დააკავეს.

სპეცრაზმელებმა სპეციალური მანქანებით გაიტანეს ქვიშის ტომრები, რომლითაც ბარიკადები ჰქონდათ გაკეთებული მომიტინგეებს. ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებაც ტერიტორია დაალაგეს. მიუხედავად ამისა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია და სიტყვით გამოსვლები გრძელდება.