გასულ კვირას ბობ დილანმა 2016 წლის ნობელი მიიღო ლიტერატურის დარგში. გამარჯვებულები, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიაზე არიან მიწვეულნი, რომელიც 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.

ცერემონიაზე ისინი იღებენ ნობელის მედალს, ნობელის დიპლომსა და დოკუმენტს შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავისგან. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ცერემონიას დაესწრება თუ არა ბობ დილანი, რადგან ის არ პასუხობს ნობელის კომიტეტის წარმომადგენლების სატელეფონო ზარებსა თუ იმეილებს. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

კომიტეტის დროებითი მდივანი სარა დანიუსი, რომელმაც დილანის გამარჯვება გამოაცხადა, რადიოსთან საუბრისას ამბობს, რომ კომიტეტმა მცდელობა შეწყვიტა:

"ჩვენ აღარაფერს ვაკეთებთ. მე დავურეკე და გავუგზავნე იმეილები მის უახლოეს თანამშრომელს და მივიღე მეგობრული პასუხები. ამ დროისთვის ეს სრულიად საკმარისია. არ ვნერვიულობ. მე ვფიქრობ, რომ გამოჩნდება".

დანიუსმა დაადასტურა, რომ პრიზი კვლავ დილანს ეკუთვნის:

"თუ მას არ უნდა მოსვლა, არ მოვა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მის საპატივსაცემოდ მოწყობილი დიდი წვეულება იქნება, ჯილდო კი კვლავ მას ეკუთვნის".

ნობელის პრიზის მოგება ბობ დილანს სხვა არტისტებსთან ერთად ტომ ვეიტსმა და ლეონარდ კოენმაც მიულოცეს.