აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ირონიულად საუბრობს იმ ადამიანებზე, ვინც ბიძინა ივანიშვილის დაპირიების შეუსრულებლობას აპროტესტებს. რიჟვაძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცლებს, რომელიც ქართულ ოცნებას სხვა დანარჩენ კრიტიკულ მედიასთან ერთად ნაციონალების ჰგონია.

"ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი და მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე, ზოგადად, ნაციონალურ მოძრაობას აჭარაში. ეს გუშინდელ აქციაზეც გამოჩნდა", — თქვა რიჟვაძემ.

დღეს, 18 ნოემბერს კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლად დატოვებას აპროტესტებს, ნაციონალი უწოდა. სწორედ ამ დაპირების შეუსრულებლობის გამო პარტია დატოვა პარლამენტის 13-მა წევრმა და თბილისში დაიგეგმა აქციები.

ამ წუთებში პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და დააწყვეს ქვიშის ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.