ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია პიკეტირებულ პარლამენტთან მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნები გააჟღერა, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ იქ ყოფნის უფლებაც აქვს:

"აქ ყოფნის უფლება მე მაქვს და თუკი ვინმეს არ აქვს სადმე ყოფნის უფლება, ქართულ ოცნებაში უნდა მოვიკითხოთ. ხალხთან დაპირისპირებაში შესული ვერცერთი ხელისუფალი ვერ დაიკვეხნის... უღრმეს პოლიტიკურ კრიზისს სათავე დაუდო ბიძინა ივანიშვილმა. ლიმიტი ჰქონია ყველაფერს და აარტყა ჭერს თავი. იმის იქით მორჩა, გათავდა, აღარ არსებობს, მისთვის არის წინ მეწყერი, უკან წყალი".

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული და პროკურატურის მიერ ეკრძალება საჯარო გამოსვლები. მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით აქვს წაყენებული. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დგება. პროკურატურა აცხადებს, რომ მელია დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა. 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი ელექტრონული სამაჯურის გაკეთება დაავალა.

ამ წუთებში პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და დააწყვეს ქვიშის ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.