ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ არჩევნებამდე 1 წელია დარჩენილი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას არ აპირებენ. ამის შესახებ მან ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით", — თქვა მან.

ის მოუწოდებს ოპოზიციას, "მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ".

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და ჩააწყეს ქვიშის ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.