აშშ-ის საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად გადაუდებელი მუშაობაა საჭირო, ისეთი გზის საპოვნელად, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავათ ამ მიზნის მისაღწევად", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, კანონპროექტის ჩაგდება, გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

დღეს, 17 ნოემბერს პარლამენტის წინ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. პარალელურად პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე.

ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დააანონსეს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ორშაბათიდან პარლამენტში ქართულ ოცნების ვერც ერთი დეპუტატი ვეღარ შევა. მათ შენობის შესასვლელებთან კარვები გაშალეს და სიმბოლურად ბოქლომები დაკიდეს.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც 14 ნოემბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს. მანამდე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას პირდებოდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა.