საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის დათვლით, პარლამენტის წინ აქციაზე 5 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, 1 500 ადამიანამდე იყო რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქციას პატრიოტთა ალიანსი მართავდა. მისივე თქმით, აქციებმა მშვიდ ვითარებაში, დაკავებების გარეშე ჩაიარა.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით წერს საერთაშორისო გამოცემა Reuters. მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.

დღეს, 17 ნოემბერს პარლამენტის წინ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დააანონსეს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ორშაბათიდან პარლამენტში ქართულ ოცნების ვერც ერთი დეპუტატი ვეღარ შევა. მათ შენობის შესასვლელებთან კარვები გაშალეს და სიმბოლურად ბოქლომები დაკიდეს.