პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, გია ლომია ამბობს, რომ არ გამორიცხავენ რადიკალური მეთოდებით გააპროტესტონ ქართული ოცნების გადაწყვეტილება პროპორციული წესით არჩევნების ჩაგდების შესახებ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"პოლიტსაბჭო იმსჯელებს და ყველა იმ ფორმას მივმართავთ, რასაც საჭიროდ ჩავთვლით. შეიძლება რადიკალიზმშიც გადავიდეთ", — თქვა გია ლომიამ პარლამენტის პიკეტირების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.

პატრიოტთა ალიანსი ახლა სხვა ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე აქციას მართავს, რაზეც ლომიას ასეთი პასუხი აქვს:

"ჩვენ იმ ხალხთან ერთად ვერ დავდგებოდით იმიტომ, რომ ჩვენ მათ გასამართლებას ვითხოვთ".

დღეს, 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქცია იმართება. ქუჩაში გამოსული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამომრჩევლები ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. ივანიშვილი საზოგადოებას 2020 წლის არჩვენების პროპორციული წესით ჩატარებას დაპირდა.